KlimatMasteri
მთავარი მენიუ

როგორ გავაკეთოთ კონდიციონერის დიაგნოსტიკაკლიმატ მასტერი

HVAC/R სისტემები

აქ მოცემულია ძირითადი მეთოდები, სისტემების დიაგნოსტიკისთვი და პრობლემების აღმოსაფხვრელად.

01

უნივერსალური დიაგნოსტიკა

უნივერსალური დიაგნოსტიკის 5 ნაბიჯი (დაშლის დაწყებამდე)

  • ელექტროენერგია:არის თუ არა ძაბვა სტაბილური ? (210V-230V). ხშირად პრობლემა არასტაბილური ძაბვით არის გამოწვეული. ეს არის ინვერტორული სისტემების №1 პრობლემა. ძაბვა სტაბილური უნდა იყოს არა მხოლოდ მნიშვნელობით, არამედ ფაზების სიმეტრიით, ეს განსაკუთრებით კრიტიკულია ინვერტორულ და სამ ფაზიან სისტემებში (ფაზის დაკარგვა /ნეიტრალის პრობლემა / დამიწების არარსებობა).
  • ფილტრების შემოწმება:არის თუ არა სუფთა შიდა აგრეგატის ფილტრები და რადიატორი ( ჭუჭყიანი ფილტრი = მაღალი წნევა, გაყინვა, ცუდი დაბერვა ).
  • რეჟიმი: სწორად აყენია პულტი? მაგალითად: ზაფხულში გათბობის რეჟიმზე ხომ არ არის ან პირიქით ზამთარში გაგრილების რეჟიმზე. ძირითადად აქვს სამი რეჟიმი: "Auto", "Cool", "Heat", "Fan", გამონაკლის შემთხვევაში ხუთი რეჟიმი - "Auto", "Cool", "Heat", "Fan", "Dry", აუცილებლად გადაამოწიეთ რომელი რეჟიმია ჩართული. "Auto" რეჟიმში სისტემა თავად წყვეტს გაათბოს თუ გააგრილოს, რაც ეფექტურობას უკარგავს და ხშირად მომხმარებელი ფიქრობს რომ დაზიანებულია სისტემა.
  • კავშირების (Communication) შემოწმება :შიდა და გარე აგრეგატს შორის ხდება თუ არა კომუნიკაცია. მიეწოდება თუ არა სიგნალი (ძაბვა) გარე ბლოკს შიდა ბლოკიდან, ან პირიქით (როცა გარე ბლოკი იღებს დენს), ხომ არარის კაბელი დაზიანებული ან კონტაქტებს ხომ არ აქვთ პრობლემა.
  • გარე აგრეგატის შემოწმება:შეამოწმეთ რამდენად "სუფთად" გამოიყურება გარე აგრეგატი, ხომ არ არის (რადიატორი) დაბინძურებული, ხომ არარის ბლოკირებული ვინტილატორი (Fan). დაბინძურებული კონდესატორი იწვევს მაღალ წნევას, გადახურებას და კომპრესორის ავარიულ გათიშვას (იშვიათად მაგრამ დაზიანებასაც).
02

უსაფრთხოება - შემოწმების დაწყებამდე

სისტემის კომპონენტების სიღრმისეული შემოწმება (Hardware & Electronics)

სანამ სისტემის დაშლაზე და კომპონენტების სიღრმისეულ შემოწმებაზე გადავალთ (Hardware & Electronics), აუცილებელია უსაფრთხოების გათვალისწინება.

  • გავთიშოთ ელექტროენერგია.
  • განვმუხტოთ კონდესატორები.
  • დავიცვათ უსაფრთხოების წესები.
  • მულტიმეტრი (მისი გამოყენება) / ელექტრონიკის საბაზისო ცოდნა
03

სენსორების (თერმისტორების) დიაგნოსტიკა

ტემპერატურის სენსორები: NTC / PTC

სენსორები სისტემის „თვალებია“ - მათი დაზიანება ან არასწორი მაჩვენებელი იწვევს სისტემის მუშაობის შეფერხებას, არასწორ ალგორითმს ან სრულად გაჩერებას.

  • NTC (Negative Temperature Coefficient) ტემპერატურის სენსორები- HVAC სისტემებში ყველაზე გავრცელებული ტიპი, გამოიყენება ტემპერატურის ზუსტად გასაზომად.
    ტემპერატურის მატებისას მათი წინაღობა იკლებს, ხოლო ტემპერატურის დაკლებისას იზრდება.
    შემოწმება ხდება შემდეგნაირად: სენსორი იხსნება დედადაფიდან (შტეკერიდან), მულტიმეტრით იზომება წინაღობა (Ohms - Ω) და მიღებული მონაცემებს ვადარებთ მწარმოებლის ცხრილს (ხშირად 5kΩ, 10kΩ, 15kΩ ან 50kΩ 25°C-ზე).
    თუ სენსორი აჩვენებს უსასრულობას (∞), მოკლე ჩართვას (0Ω) ან მნიშვნელობა არ იცვლება ტემპერატურის ცვლილებაზე — სენსორი დაზიანებულია და საჭიროებს შეცვლას.
  • PTC (Positive Temperature Coefficient) ტემპერატურის სენსორები- გამოიყენება ძირითადად როგორც დაცვითი ელემენტი.
    ტემპერატურის მატებისას მათი წინაღობა იზრდება (ხშირად მკვეთრი ნახტომით).
    ხშირად გვხვდება კომპრესორის, ძრავის ან ინვერტორის გადახურების დაცვის წრედებში და არ გამოიყენება ზუსტი ტემპერატურის გაზომვისთვის.
    თუ PTC სენსორი მუდმივად ღია წრედშია ან არ ცვლის წინაღობას გათბობაზე — იგი დაზიანებულია.
  • წნევის სენსორები (Pressure Transducers)- ძირითადად გვხვდება ინვერტორულ სისტემებში.
    შემოწმება ხდება ჩართულ სისტემაზე DC ძაბვით: მოწმდება კვება (როგორც წესი 5V DC) და გამომავალი სიგნალი (დაახლოებით 0.5V - 4.5V წნევის მნიშვნელობის მიხედვით).
  • მაღალი / დაბალი წნევის დაცვები (High / Low Pressure Switch)- მოწმდება წრედის გამტარობა.
    ნორმალურ პირობებში წრედი უნდა იყოს შეკრული; თუ წრედი ღიაა - დაცვა გააქტიურებულია ან ელემენტი დაზიანებულია.
04

კომპრესორების და ძრავების დიაგნოსტიკა

კომპრესორების და ძრავების (AC / DC) დიაგნოსტიკა

აქ მიდგომები განსხვავებულია, On/Off და Inverter სისტემების მიხედვით.

  • On/Off კომპრესორი (Single Phase) : გააჩნია 3 ტერმინალი: C (Common), R (Run), S (Start).
    ხვიების შემოწმებისას ვზომავთ წინაღობას ტერმინალებს შორის - ფორმულა : R(CS) = R(CR) + R(RS), იზოლაცია არ უნდა იყოს დარღვეული ტერმინალებსა და კორპუსს შორის (წრედი არ უნდა შეიკრას).
    შევამოწმოთ გამშვები კონდესატორი (Capacitor), ტევადობა უნდა ემთხვეოდეს კონდესატორზე დატანილ ნომინალს (მაგ: 35µF ±5%), იზომება მიკროფარადებში (Microfarads - µF).
  • Inverter კომპრესორი (DC / BLDC) :
    გააჩნია 3 ტერმინალი: U, V, W.
    წინაღობა სამივე ტერმინალს შორის უნდა იყოს ზუსტად თანაბარი (მაგ: 0.8Ω, 0.8Ω, 0.8Ω). ოდნავი ცდომილებაც კი ნიშნავს დაზიანებას.
    შევამოწმოთ იზოლაცია ტერმინალებსა და კორპუსს შორის (სასურველია მეგომეტრის გამოყენება).
  • ვენტილატორის ძრავები :

    1. AC ძრავა:
    მოწმდება როგორც On/Off კომპრესორი (ხვიები + კონდენსატორი).

    2. DC ძრავა (5-7 სადენით):
    არის რთული შესამოწმებელი. ძირითადად იზომება ძაბვები ჩართულ მდგომარეობაში:
    - 300V DC (ძალოვანი)
    - 15V DC (მართვა)
    - Vsp (სიჩქარის კონტროლი)

    გაფრთხილება: არ გაზომოთ წინაღობა, თუ ზუსტი სქემა არ იცით, შეიძლება დაწვათ ჰოლის(Hall Effect Sensor) სენსორი.
  • ჰოლის სენსორი (Hall Effect Sensor) :
    ჰოლის სენსორი არის ნახევარგამტარი ჩიპი, რომელიც რეაგირებს მაგნიტურ ველზე და მართვის ბლოკს (დედადაფას) აწვდის ინფორმაციას:
    - რა მდგომარეობაშია ძრავი?
    - რა პოზიციაშია როტორი?
    - რა სიჩქარით ტრიალებს ძრავი?
    ინვერტორულ სისტემებში (BLDC / Brushless DC - უნახშირო ძრავები) ჰოლის სენსორები ძრავის „თვალებია“.

    მუშაობის პრინციპი:
    ძრავის შიგნით, ჩვეულებრივ, მოთავსებულია 3 ცალი ჰოლის სენსორი, რომლები განლაგებულია ერთმანეთის მიმართ 120°-ით, ისინი აფიქსირებენ როტორის მაგნიტის ზუსტ პოზიციას.
    როტორის ტრიალისას:
    1. ჰოლის სენსორები წარმოქმნიან იმპულსურ სიგნალს (სიგნალის დონე: 0V - 5V DC)
    2. იმპულსები იგზავნება დედადაფაზე (PCB)
    3. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დედადაფა იგებს როტორის ზუსტ პოზიციას
    4. ითვლის ძრავის ბრუნვის სიჩქარეს (RPM)
    5. რთავს დენს, საჭირო ხვეულაზე, ზუსტად სწორ მომენტში.
    ეს უზრუნველყოფს - ძრავის რბილ გაშვებას, სტაბილურ ბრუნვას და მაღალ ეფექტურობას.

    უსაფრთხო შემოწმების მეთოდი (9V ელემენტით):
    ეს არის ყველაზე საიმედო გზა, რათა არ დააზიანოთ სენსორი მულტიმეტრით.
    დაგჭირდებათ: 9V ელემენტი, შუქდიოდი (LED) და რეზისტორი (470Ω-დან 1kΩ-მდე).

    შეერთების სქემა:
    1. Vcc (წითელი): მიაერთეთ ელემენტის პლიუსს (+).
    2. GND (შავი): მიაერთეთ ელემენტის მინუსს (-).
    3. Signal (მაგ: ყვითელი): მიაერთეთ შუქდიოდის მინუს (-) ფეხს.
    4. LED (+): მიაერთეთ რეზისტორს, ხოლო რეზისტორის მეორე მხარე ელემენტის პლიუსს (+).

    შედეგი: ნელა დაატრიალეთ ძრავის ღერძი.
    - თუ შუქდიოდი ციმციმებს (ინთება/ქრება): სენსორი მუშაობს.
    - თუ სულ ანთია ან სულ ჩამქრალია: სენსორი დაზიანებულია.
05

ინვერტორული ტექნოლოგია

ინვერტორული სისტემების არქიტექტურა, დიაგნოსტიკა და კომპონენტების თავსებადობა

ტრადიციული (On/Off) სისტემებისგან განსხვავებით, ინვერტორული ტექნოლოგია არ არის უბრალოდ „ეკონომიური კონდიციონერი“. ეს არის რთული მეხატრონიკული სისტემა, რომელიც აერთიანებს ძალოვან ელექტრონიკას, ციფრულ მართვას და ელექტრომექანიკას. ამ სისტემის გაგება იწყება იმის აღიარებით, რომ აქ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: პლატა „ხედავს“ ძრავს, ხოლო ძრავი „პასუხობს“ პლატას.

თავი I: ინვერტორის ანატომია და მუშაობის პრინციპი

ინვერტორი, თავისი არსით, არის სიხშირის გარდამქმნელი. მისი მიზანია ქსელის ფიქსირებული ძაბვისა და სიხშირის (220V / 50Hz) გარდაქმნა მართვად პარამეტრებად, რათა ვაკონტროლოთ ძრავის ბრუნთა რიცხვი.

პროცესი მიმდინარეობს სამ ეტაპად (Double Conversion):

  • გასწორება (AC → DC):ქსელიდან შემოსული ცვლადი დენი გადის დიოდურ ხიდში და იქცევა პულსირებად მუდმივ დენად. დროსელი (Reactor/Choke) ასრულებს დენის რეზერვუარის როლს (PFC).
  • ფილტრაცია და DC ბასი (DC Bus):გასწორებული დენი გროვდება ელექტროლიტურ კონდენსატორებში. აქ ძაბვა იზრდება დაახლოებით 310V DC-მდე (ერთფაზიან სისტემაში).
  • ინვერტირება (DC → Simulated AC):ეს არის სისტემის „გული“. აქ მუშაობს IPM მოდული (Intelligent Power Module), რომელიც შედგება 6 ცალი IGBT ტრანზისტორისგან. PWM მეთოდით, ტრანზისტორები DC ძაბვას „ჭრიან“ იმპულსებად, რომლის სიხშირის შეცვლითაც ვცვლით ძრავის ბრუნს (მაგ: 10Hz-120Hz).

თავი II: ძრავები (BLDC და PMSM) და მართვის სისტემა

ინვერტორულ სისტემებში გამოიყენება BLDC ძრავები, რომლებსაც არ აქვთ კოლექტორი და ნახშირები. ეს ზრდის საიმედოობას, მაგრამ მოითხოვს ზუსტ მართვას.

მუშაობის ლოგიკა: იმისთვის, რომ როტორი (მუდმივი მაგნიტი) დატრიალდეს, სტატორის (ხვიები U, V, W) მაგნიტური ველი უნდა შეიქმნას ზუსტად იმ მომენტში, როცა როტორი კონკრეტულ პოზიციაშია.

მართვის სისტემა და უკუკავშირი (Feedback)

როგორ ხვდება „ბრმა“ პლატა, რა პოზიციაშია ძრავის როტორი? არსებობს ორი მეთოდი:

  • სენსორული მეთოდი (Hall Effect):გამოიყენება შიდა ბლოკის ვენტილატორებში. 3 პატარა ჰოლის სენსორი უგზავნის პლატას იმპულსს როტორის პოზიციის შესახებ.
  • უსენსორო მეთოდი (Sensorless / Back-EMF):გამოიყენება კომპრესორებში და გარე ბლოკის ვენტილატორებში. როდესაც ძრავი ინერციით ტრიალებს, ის გამოიმუშავებს უკუ-ძაბვას (Electromotive Force). პლატა ზომავს ამ ძაბვას თავისუფალ ფაზაზე და ხვდება როტორის პოზიციას.

კრიტიკული მომენტი: დაძვრის ალგორითმი (Startup)

  • Alignment: ფიქსირებული დენით როტორის დაყენება საწყის პოზიციაზე.
  • Open Loop Ramp-up: პლატა „ბრმად“ აჩქარებს იმპულსებს.
  • Closed Loop Switch: როგორც კი გაჩნდება Back-EMF და ძრავი აკრეფს მინიმალურ ბრუნს, პლატა გადადის სრულ კონტროლზე.

თავი III: თავსებადობის პრობლემები და ჩანაცვლება

ინვერტორული კომპრესორის მარტივად ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან ინვერტორი არის დახურული მათემატიკური სისტემა. პროცესორში ჩაწერილია ძრავის მათემატიკური მოდელი.

შეუთავსებლობის მიზეზები

  • ინდუქციურობა (L) და წინაღობა (R): განსაზღვრავს დენის ზრდის სისწრაფეს.
  • Back-EMF კონსტანტა (Ke): განსაზღვრავს გამომუშავებულ უკუ-ძაბვას.
  • ინერციის მომენტი: მძიმე როტორი რთულად აჰყვება დაძვრას.

სწორი შერჩევის 4 ოქროს წესი

  • I. მუშა მოცულობა (cc/rev)
  • II. ელექტრონული წინაღობა
  • III. მექანიკური თავსებადობა
  • IV. ფრეონის ტიპი

თავი IV: ინფორმაციის მოძიების სტრატეგია

  • გადაუღეთ ფოტო კომპრესორის ბირკას.
  • ამოიწერეთ კომპრესორის მოდელი.
  • Google-ში: [Model Number] compressor datasheet
  • იპოვეთ სვეტი: Displ. (cc)

დასკვნა

ინვერტორული კომპრესორის შეცვლა სხვა ბრენდით სრულიად მისაღებია, თუ ემყარებით ფიზიკურ პარამეტრებს (cc, Ohm, Watt).

ტესტირების ალგორითმი შეცვლის შემდეგ:

  • სისტემა კარგად ვაკუუმირდება.
  • დაქოქვისას ყურადღება მიაქციეთ ხმას. თუ ხმაურიანია — გამორთეთ და გადაანაცვლეთ ფაზებს (U და V).
  • ამუშავეთ მინ. 20 წუთი, რომ პლატამ გაიაროს ადაპტაცია.
06

ელექტრონული დაფა (PCB - დედადაფა)

ელექტრონული დაფის (PCB - დედადაფა) საბაზისო შემოწმება

პირველ რიგში ვამოწმებთ ვიზუალურად რაიმე დეტალი ხომ არ არის დაზიანებული, შემდეგ მივყვებით დეტალურად ყველა კომპონენტს (ეს უკვე ელექტროინჟინერიაა).

  • კვების ბლოკი (SMPS -Switching Mode Power Supply): როცა მკვდარია და რეაგირება არ აქ არანაირი სისტემას, პირველ რიგში ვამოწმებთ :
    - Fuse (მცველი): მულტიმეტრით შეამოწმეთ გამტარობაზე (Continuity). უნდა იყოს სრული გამტარობა (0 Ohm).
    - Varistor (MOV): (ლურჯი ან ყვითელი კომპონენტი). შეამოწმეთ წინაღობა. მულტიმეტრმა უნდა აჩვენოს "უსასრულობა". თუ აჩვენებს წინაღობას, ვარისტორი დამწვარია და შესაცვლელია.
  • დიოდური ხიდი (Bridge Rectifier): AC ძაბვას გარდაქმნის DC, ოთხი ფეხი აქვს (+,-, ~,~), როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ ? მულტიმეტრი გადაგვყავს დიოდის რეჟიმზე და ვზომავთ :
    - ნებისმიერი AC (~) ფეხიდან + ან - ფეხზე გამტარობა უნდა იყოს მხოლოდ ერთ მხარეს.
    - ძაბვის ვარდნა უნდა იყოს დაახლოებით 0.5V - 0.7V ფარგლებში.
  • გამომავალი ძაბვები (Secondary Side): ტრანსფორმატორის შემდეგ არის ძაბვის რეგულატორები (მაგ: 7805,7812).
    - 7805: შემავალი DC / >7V, გამომავალი ზუსტად DC / +5V (კვებავს პროცესორს).
    - 7812: შემავალი DC / >14V, გამომავალი DC / +12V (კვებავს რელეებს და დრაივერებს).
    შენიშვნა: თუ 7805-ს გამომავალი ძაბვა არ აქვს, პროცესორი ვერ ჩაირთვება

ასევე უნდა შემოწმდეს კონდესატორები გარე და შიდა ბლოკებში, მაგნიტური გამშვებები და ზოგადად შიდა ელექტრო გაყვანილობა.

  • IPM (Intelligent Power Module) და IGBT - ინვერტერის „გული“
    P და N ტერმინალები: ეს არის მაღალი ძაბვის DC შემავალი (დაახლოებით 310V)
    U, V, W: გამომავალი ფაზები კომპრესორზე.
    როგორ ვამოწმებთ ? მულტიმეტრი გადაგვყავს დიოდის რეჟიმზე:
    - წითელი საცეცს ვადებთ N ტერმინალს , შავი საცეცით სათითაოდ ვამოწმებთ U,V,W. სამივეზე იდენტური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს (მაგ: 0.4V).
    - შავ საცეცს ვადებთ P ტერმინალს, წითელი საცეცით სათითაოდ ვამოწმებთ U,V,W. სამივეზე აქაც იდენტური უნდა იყოს.
    თუ რომელიმე ტერმინალზე გვიჩვენებს 0 (მოკლე ჩართვას) ან ძალიან განსხვავებულ მნიშვნელობებს, IPM დამწვარია. ასეთ შემთხვევაში IPM-ის დაწვა იწვევს კომპრესორის დაზიანებასაც და აუცილებელია მისი შემოწმებაც.
  • კომუნიკაციის წრედი (Optocouplers):
    როცა გვაქვს შეცდომა: "Communication Error" (E1, E5, E6 და ა.შ.), პრობლემა ხშირად ოპტოწყვილებშია (Optocouplers), ეს არის პატარა 4-ფეხა ჩიპები (მაგ: PC817), რომლებიც ელექტრულად ყოფენ მაღალ და დაბალ ძაბვას.
    როგორ უნდა შევამოწმოთ? დიოდის რეჟიმში შეამოწმეთ შემავალი მხარე:
    - პირველი და მეორე ფეხი უნდა მუშაობდეს როგორც დიოდი
    - გამომავალი მხარე 3 და 4 არ უნდა იყოს მოკლედ ჩართული.
  • DC Link კონდენსატორები - ე.წ „დიდი“ კონდენსატორები
    პირველ რიგში ყურადღება ექცევა ვიზუალს, არ უნდა იყოს გაბერილი ან გახეთქილი.
    მულტიმეტრი გადაგვყავს ტევადობის (Capacitance) რეჟიმზე, მოიცა ჯერ არ ამოწმებ, ჯერ უსაფრთხოება, აუცილებლად განმუხტე კონდესატორი, შემდეგ შეამოწმე შეესაბამება თუ არა ნომინალს (µF).
  • HVAC/R ელექტრული სისტემა კომპლექსურია და ბევრი სპეციფიკური საკითხია რასაც თეორიულად ფიზიკურად ვერ გადმოვცემთ, დანარჩენი უკვე პრაქტიკაა.
07

დრენაჟის პომპა (Drain Pump)

როგორ შევამოწმოთ დრენაჟის პომპა (Drain Pump)?

პომპის გაფუჭების ან გაჭედვის სიმპტომი ყოველთვის არის წყლის ჩამოღვრა ან კონდიციონერის გათიშვა (დაცვის რეჟიმში გადასვლა).

შემოწმების 3 ეტაპი არსებობს:

  • იმიტაცია (წყლის ჩასხმა) ყველაზე მარტივი და სანდო მეთოდია:
    - მოხსენით ბლოკს დეკორატიული პანელი ან კუთხე, სადაც პომპაა.
    - ჩართეთ კონდიციონერი გაგრილების რეჟიმზე (რომ პომპას დენი მიეწოდოს).
    - აიღეთ ბოთლით წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით დრენაჟის აბაზანაში (ვანაში).
    - დააკვირდით: როგორც კი წყლის დონე აიწევს, „ტივტივამ“ (Float switch) უნდა მისცეს სიგნალი და პომპამ უნდა დაიწყოს წყლის გატანა (ხმაც უნდა გქონდეს, მსუბუქი ზუზუნი).
    - თუ წყალი ვსება და პომპა არ ირთვება — პრობლემაა.
  • ტივტივას (Float Switch) შემოწმება ხშირად პომპა მუშაობს, მაგრამ ტივტივა არის გაჭედილი ლორწოსგან (შლამისგან):
    - ნახეთ, თავისუფლად მოძრაობს თუ არა ტივტივა ზევით-ქვევით.
    - თუ გაჭედილია, გაწმინდეთ.
    - თუ მოძრაობს, მაგრამ პომპა მაინც არ ირთვება, გადავდივართ ელექტროობაზე.
  • მულტიმეტრით შემოწმება თუ პომპა არ რეაგირებს:
    - შეამოწმეთ ძაბვა: მულტიმეტრით ნახეთ, მოდის თუ არა დენი პლატიდან პომპის შტეკერზე (უმეტესობა 220V-ზეა, მაგრამ არის DC მოდელებიც, დააკვირდით წარწერას).
    - შეამოწმეთ გრაგნილი (Resistance): გამორთულზე გაზომეთ პომპის წინაღობა (Ohm). თუ უჩვენებს "OL" (უსასრულობას) ან 0-ს, ეს ნიშნავს, რომ პომპის ძრავა დამწვარია (გაწყვეტილია).
08

შეცდომის კოდები (Error Codes)

როგორ მოვიძიოთ და წავიკითხოთ შეცდომის კოდები (Error Codes) ?

შეცდომის კოდი არის კონდიციონერის ენა, რომლითაც გეუბნებათ რა სტკივა.

კოდის ნახვის 3 გზა არსებობს, გააჩნია მოდელს:

  • დისპლეიზე (კედლის და კოლონიურ მოდელებში) ეკრანზე პირდაპირ ეწერება: E1, E4, F3, P0 და ა.შ.:
    - რას ნიშნავს: ეს კოდები უნივერსალური არ არის, E1 ერთ ბრენდზე შეიძლება იყოს სენსორი, ხოლო მეორეზე იყოს მაღალი წნევის დაცვა.
    - მოძიება: Google-ში ჩაწერეთ: [Brand Name] [Model] error code [Code].
  • ნათურების ციმციმი (Blinking LEDs) თუ ეკრანი არ აქვს (ან კასეტურია), მას აქვს LED ნათურები (Operation, Timer, Defrost).:
    - როგორ წავიკითხოთ? დააკვირდით ციმციმის რაოდენობას და პაუზებს.
    - მაგალითად: „Operation“ ნათურა ციმციმებს 5-ჯერ, ჩერდება, მერე ისევ 5-ჯერ.
    - გშიფრვა: ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ Service Manual ან ხუფის უკან არსებული სტიკერი სადაც მითითებული კონკრეტული მოდელის შეცდომის კოდები.
  • გარე აგრეგატის დედადაფა (ყველაზე სანდო) რთულ სისტემებში (VRV/VRF, ინვერტორები) ყველაზე ზუსტ დიაგნოზს გარე ბლოკის პლატა სვამს.:
    - მოხსენით გარე ბლოკს ზედა/წინა ხუფი.
    - იპოვეთ პლატაზე პატარა LED ნათურები ან ციფრული ეკრანი.
    - დათვალეთ ციმციმი ან წაიკითხეთ კოდი.
  • სად ვიპოვოთ კოდების მნიშვნელობა?:
    სტიკერი ხუფზე (Wiring Diagram): თითქმის ყველა კონდიციონერს, გარე ან შიდა ბლოკის ხუფის შიდა მხარეს აქვს დაკრული ელექტრო სქემა. ამ სქემის კუთხეში ხშირად მოცემულია ცხრილი სათაურით "Error Codes" ან "Troubleshooting", ეს არის ყველაზე ზუსტი წყარო კონკრეტულად იმ მოდელისთვის.
    - Service Manual (არა User Manual): User Manual არის მომხმარებლისთვის (როგორ ჩართოს პულტი), იქ კოდები იშვიათადაა. თქვენ გჭირდებათ Service Manual.
    - ჩაწერეთ გუგლში მოდელის ნომერი + "Service Manual PDF".
    Error კოდები

დაგვიკავშირდი

ჩვენი დახმარება გჭირდება ?